English / ქართული / русский /
ირინე მამალაძეთეა ლაზარაშვილი
ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორები

ანოტაცია. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ინოვაციების და გლობალიზაციის მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარების დონის განსაზღვრაში; ახალი იდეების, მეცნიერული აღმოჩენების და გამოგონების საფუძველზე ამ შედეგების კომერციალიზაციისა და ბიზნესად გადაქცევის პროცესი და სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობა ინოვაციური პროექტების აქტივიზაციის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ინოვაციური გლობალიზაცია, ინოვაციური ეკონომიკა, ინდუსტრიული ეკონომიკა, ვენჩურული დაფინანსება, საინოვაციო ინფრასტრუქტურა, საინოვაციო პროგრამა.

შესავალი

თანამედროვე ეკონომიკის განვითარებას, პირველ რიგში, ინოვაციებისა და გლობალიზაციის განვითარების დონე განსაზღვრავს. ინოვაციები, ახალი იდეების, მეცნიერული აღმოჩენებისა და გამოგონებების საფუძველზე, ახალი მეთოდების, ტექნოლოგიების, მენეჯმენტისა და მარკეტინგული გადაწყვეტილებების რეალურ დანერგვას გულისხმობს. მაღალეფექტიან ინდუსტრიულ ეკონომიკებში დღეს განსაკუთრებულად განვითარებულია გამოგონებების და სამეცნიერო კვლევის შედეგების კომერციალიზაციის და სამრეწველო ბიზნესად გადაქცევის პროცესები. მეცნიერები თანამედროვე გლობალურ ეკონომიკას აღწერენ, როგორც “ინოვაციურ (ცოდნის) ეკონომიკაზე” გარდამავალს. ინოვაცია ინოვაციური საქმიანობის შედეგია, ინოვაციის სპეციფიკური შინაარსი გამოიხატება ცვლილებით, გარდაქმნით. ინოვაციური საქმიანობის მთავარი ფუნქცია კი ცვლილების განხორციელებაა. ინოვაციური პროცესი დაკავშირებულია ინოვაციის შექმნასთან, ათვისებასა და გავრცელებასთან. ინოვაციების შემქმნელები (ნოვატორები) იყენებენ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლი და ეკონომიკური ეფექტიანობა. მათი სტრატეგია მიზნად ისახავს კონკურენტებზე გამარჯვებას, უნიკალური სიახლის შექმნას, რომელიც აღიარებული იქნება მოცემულ სფეროში. განვითარებული ქვეყნები დამაჯერებლად გადადიან განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზე _ ინოვაციურზე. სიახლეთა გამოყენების პროცესი, გააზრებულ, მიზანდასახულ და სისტემურ საფუძველზე კვლავწარმოებით პროცესად იქცევა.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, ინოვაცია არის იდეის ტრანსფორმაცია საბაზრო პროდუქტად ან მომსახურებად, წარმოების ან დისტრიბუციის ახალი, გაუმჯობესებული პროცესი, სოციალური უზრუნველყოფის ახალი მეთოდი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ინოვაცია არის წარმატებული ტექნოლოგიის დანერგვის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში სიახლეების გამოყენების სინონიმი. ინოვაცია წარმოადგენს მატერიალიზებულ შედეგს იმ კაპიტალდაბანდებიდან, რომელიც ჩაიდო ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დამუშავების, წარმოების, შრომის, მომსახურებისა და მართვის ორგანიზაციის ახალი ფორმების შექმნის საქმეში.

ტერმინი “ინოვაცია”, როგორც ახალი ეკონომიკური კატეგორია, სამეცნიერო ლიტერატურაში შემოიტანა ავსტრიელმა (მოგვიანებით ამერიკელმა) მეცნიერმა იოზეფ ალიოზ შუმპეტერმა (1883-1950) XX საუკუნის დასაწყისში. თავის ნაშრომში “ეკონომიკური განვითარების თეორია” (1911) მან განიხილა განვითარებაში ცვლილებების შეტანის (ინოვაციის) საკითხები. გზა ინოვაციის იდეიდან მის საბაზრო რეალიზებამდე შეიცავს ქმედებათა თანმიმდევრობას, რომელთა გაერთიანება ერთიან თანმიმდევრულ ჯაჭვში ქმნის ინოვაციის პროცესის სტრუქტურას[1].

ამ ჯაჭვის ელემენტებია:

ინოვაციისინიციაცია;

ინოვაციისმარკეტინგი;

ინოვაციისწარმოება;

ინოვაციისრეალიზება;

ინოვაციისდაწინაურება;

ინოვაციისეკონომიკურიეფექტურობისშეფასება;

ინოვაციისგავრცელება (დიფუზია).

მსოფლიოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის გამოიხატება არა მარტო საფინანსო რესურსების მოცულობით, არამედ ცოდნის უკმარისობით. ამჟამად განვითარება განიხილება დაგროვილი ცოდნის დონის მიხედვით, კერძოდ, ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ცოდნის დონით. ცოდნის დეფიციტის დაძლევა თანამედროვე პირობებში საკმაოდ რთული ამოცანაა. განვითარებადმა ქვეყნებმა, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობიდან გამომდინარე, მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ ცოდნის შეძენის, მისი ათვისების და გადაცემის თანმიმდევრული მექანიზმი. ცოდნის შეძენის ამოცანები უნდა მოიცავდეს მსოფლიოში არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად, რაც, საბოლოო ჯამში, ინოვაციური საქმიანობის განხორციელებასთანაა დაკავშირებული. ინოვაციური განვითარების მიზნებისა და ამოცანების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ინოვაციური ციკლები. ინოვაციური ციკლი მოიცავს პერიოდს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ინოვაციური იდეის შექმნას, შემუშავებას და ამ სიახლის დანერგვას. ციკლის ძირეული რგოლებია: მეცნიერება ე წარმოება ე მოხმარება.

ინდუსტრიული ეკონომიკის პირობებში ინოვაციური საქმიანობა უპირატესად ეროვნული ეკონომიკის საზღვრებში მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს სიტუაცია რადიკალურად იცვლება, რადგან ისევე, როგორც ყველა სხვა სფერო, ინოვაციური საქმიანობაც გლობალიზაციის ზემოქმედებას განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ინოვაციების წარმოება და გავრცელება დღეს სცდება ეროვნულ საზღვრებს და მრავალეროვნულ ხასიათს იძენს. ამასთან, ერთ ქვეყანაში შემუშავებული ინოვაციები ძალიან სწრაფად ვრცელდება სხვა ქვეყნებში, რაც, ბუნებრივია, მათი განვითარების ტემპს აჩქარებს.

ზემოაღნიშნულიდან ნათელია, რომ თანამედროვე პირობებში ინოვაციური გლობალიზაცია როგორც მიკრო, ასევე მაკრო და მეზოდონეებზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გვევლინება. აქედან გამომდინარე, ინოვაციური საქმიანობის შესწავლა გლობალიზაციის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტუალურ, თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემას წარმოადგენს. ეკონომიკური გლობალიზაციის არსი გამოიხატება იმით, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური რესურსის გადაადგილება, მოპოვება, წარმოება და მოხმარება დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად მისი რომელიმე ქვეყნისადმი კუთვნილებისა.

***

განვითარებული ქვეყნები დამაჯერებლად გადადიან განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზე ე ინოვაციურზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სიახლეთა გამოყენების პროცესი იქცევა გააზრებულ, მიზანდასახულ და კვლავწარმოებით პროცესად სისტემურ საფუძველზე, ხოლო თვითონ ინოვაციები განიხილება საზოგადოებაში პრობლემათა გადაწყვეტის მთავარ ინსტრუმენტად. მსოფლიოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე, განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის გამოიხატება არა მარტო საფინანსო რესურსების მოცულობით, არამედ ცოდნის უკმარისობით. ამჟამად განვითარება განიხილება დაგროვილი ცოდნის დონის მიხედვით, კერძოდ, ტექნლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ცოდნის დონით. ცოდნის დეფიციტის დაძლევა თანამედროვე პირობებში საკმაოდ რთული ამოცანაა.

განვითარებადმა ქვეყნებმა, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობიდან გამომდინარე, მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ ცოდნის შეძენის, მისი ათვისების და გადაცემის თანმიმდევრული მექანიზმი. ცოდნის შეძენის ამოცანები უნდა მოიცავდეს მსოფლიოში არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, სალიცენზიო ხელშეკრულებების, პატენტების შეძენას და სხვა. შეძენილი ცოდნის ათვისების აუცილებელ პირობას წარმოადგენს საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, დასაქმებული მოსახლეობის უწყვეტი განათლების სისტემის არსებობა. ცოდნის გადაცემის მნიშვნელოვანი ეტაპის ორგანიზაციისათვის საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ვაჭრობის, ფინანსებისა და საინფორმაციო ნაკადების გლობალიზაციას თან ახლავს შესაძლებლობები და ხიფათიც. ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის ზრდის შემთხვევაში მსოფლიო კიდევ უფრო გაიხლიჩება არა მარტო კაპიტალისა და სხვა რესურსების, არამედ ცოდნის გამო. პრობლემები იქმნება თვით განვითარებულ ქვეყნებს შიგნით ცოდნისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობათა არათანაბარი პირობების გამო. ყოველივე ამის გამო, ყველა ცალკე აღებულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს ცოდნის მოპოვებისა და გამოყენების მრავალგვაროვანი ტექნოლოგიური ჩამორჩენილობისა და საინფორმაციო დეფიციტის შემცირების პრობლემები. ამიტომ განსაკუთებულ მნიშვნელობას იძენს მართვის პრობლება როგორც მაკრო, ასევე მიკროდონეზე.

მართვის ფუნქციის ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს შიდა რესურსების გამოვლენა, მათი გამოყენება და მოწინავე გამოცდილების ძიება. ინოვაციური განვითარების მიზნებისა და ამოცანების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ინოვაციური ციკლები. ინოვაციური ციკლი მოიცავს მანძილს, რომელიც იწყება ინოვაციის შექმნის იდეის შემუშავებით და მთავრდება ამ სიახლის დანერგვით. ციკლის ძირეული რგოლებია: მეცნიერება ე წარმოება ე მოხმარება. ი. შუმპეტერის აზრით, ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს სიახლეთა გამოყენება. ინფორმაციული საზოგადოება ხასიათდება იმით, რომ მის ჩამოყალიბებაში აქტიური როლი ითამაშა და ამჟამადაც თამაშობს ახალი ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების განვითარებისათვის კი საჭიროა საერთო სპეციფიკური მიდგომის შემუშავება გამომგონებლის, მეწარმისა და მომხმარებლისათვის, რომელიც ორიენტირებული იქნება ინოვაციებზე. კომპანიები ვერ მოიპოვებენ წარმატებას გამძაფრებული კონკურენციული ბრძოლის პირობებში თუკი დროულად არ შეიტანენ ინოვაციებს თავიანთ ტექნოლოგიურ პროცესში, არ მოახდენენ კომუნიკაციისა და მენეჯმენტის ოპტიმიზებას, კონკურენტებზე ადრე არ განახორციელებენ ახალ გამოგონებებს. ახალი ეკონომიკის ჩამოყალიბებაში მთავარ ფაქტორად ინოვაციების დინამიკა გვევლინება.

თანდათან ხმარებაში შემოდის ტერმინი ,,ინოვაციური ეკონომიკა”. ინოვაციური ეკონომიკა განვითარდა ინვესტირების სპეციფიკური სახეობის შედეგად, რომელიც თან ახლავს უახლოეს ტექნოლოგიურ პროგრესს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სახის ინვესტიციების დაბანდება ხდებოდა უშუალოდ წარმოების სარისკო სექტორში, მათ მიიღეს სახელწოდება სარისკო, ვენჩურული (,,Venture”-რისკი) ინვესტიციების სახით. ინდუსტრიული წარმოებისათვის დამახასიათებელი ინვესტიციებისაგან განსხვავებით, რომელთაც წლიურად მოაქვთ 2-3% ოდენობის მოგება, ვენჩურულ ინვესტიციებს ძალუძთ არნახულად დიდი მოგების მოტანა 20-30% -დან 200%-მდე. რა თქმა უნდა, ამავდროულად იზრდება წარუმატებლობის რისკიც. სწორედ ასეთი ინვესტიციები დაედო საფუძვლად მაღალი დონის ტექნოლოგიების კომერციულ ბუმს, ისინი მუდამ თან ახლდა მათ განვითარებას, განაპირობებდა როგორც მათ მასიურ კრახს, ასევე აღორძინებასაც.

 ამჟამად ვენჩურული ინვესტიციები საფუძვლად უდევს ყოველი ახალი თაობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებას, ბიო და ნანოტექნოლოგიების ჩათვლით.[2] ვენჩურული ინვესტირების ერთ-ერთი ცნობილი პიონერი, მენეჯერი გერმან ხაუზერი ასახელებს ხუთ მთავარ პირობას ვენჩურული კაპიტალის წარმატებული განვითარებისათვის. ესენია:

1. ქვეყანაში მენეჯერთა და გამომგონებელთათვის მაღალკვალიფიციური საგანმანათლებლო სისტემის არსებობა;

2. სამეწარმეო სულისკვეთება;

3. ვენჩურული კაპიტალის არსებობა;

4. სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა განათლების სისტემისა და ვენჩურული ინვერსტირებისათვის სათანადო პირობების შექმნის თვალსაზრისით;

5. მსხვილი კომპანიების მუდმივად მზადყოფნა მცირე კომპანიებთან თანამშრომლობისათვის;

 ინოვაციური ბიზნესის განვითარებისათვის მთავარი როლი ეკისრება სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და შექმნილ პირობებს. ინოვაციების განვითარება ხორციელდება მაშინ, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, კომპანია-საწარმოები, კვლევითი ლაბორატორიები თავმოყრილია ერთ სივრცეში. ასეთი მაღალტექნოლოგიური ზონები ცნობილია როგორც ,,კლასტერები”.[3] სწორედ ამგვარი ვითარების დროს ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია ეროვნული ინოვაციური ეკონომიკის განვითარების დონეზე.

1990-იანი წლებიდან, განვითარებული ქვეყნების ინოვაციური საქმიანობის სფეროში შეინიშნება ორი უმნიშვნელოვანესი ტენდენცია: პირველი მდგომარეობს იმაში, რომ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება სახელმწიფო სექტორიდან თანდათან გადადის კერძო სექტორში; მეორე – სამეცნიერო კვლევებისა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში სულ უფრო და უფრო იზრდება ვენჩურული კაპიტალის როლი.[4]

ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის შექმნა და მათი გამოყენება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის განსაზღვრავს ქვეყნის როლსა და ადგილს, ეროვნული უსაფრთხოების დონეს მთელ მსოფლიოში. განვითარებული ქვეყნების მშპ-ს ზრდის 80-95% განპირობებულია ახალი ცოდნის გამოყენებით ტექნიკასა და ტექნოლოგიებში. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნებში ვითარდება ინოვაციური ეკონომიკა. ინოვაციური ეკონომიკის მთავარი მახასიათებლებია:

• თანამედროვე ინფორმაციული და კომპიუტერული სისტემების არსებობა;

• განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეროვნული ინფორმაციული რესურსების შესაქმნელად;

• წარმოების ყველა სფეროს, დარგისა და მართვის სისტემის დაჩქარებული ავტომატიზაცია;

• სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ინოვაციების სწაფი შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა;

• კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების მოქნილი სისტემის არსებობა;

• მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების ბაზაზე შემუშავებული ტექნოლოგიების წარმოებაში ინტენსიურად დანერგვა;

• ინტელექტტევადი დარგების (მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, ფინანსური, იურიდიული და სამედიცინო მომსახურება, მენეჯმენტი, მარკეტინგი, კონსალტინგი და სხვა) დაჩქარებული განვითარება და მომსახურების სფეროს გადაქცევა შრომითი საქმიანობის ძირითად სფეროდ;

• საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება, რის შედეგადაც გამოგონებებისა და სხვა ინოვაციების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში;

• მსოფლიო ბაზარზე ცოდნის, როგორც სპეციფიკური სახეობის საქონლის ცენტრალური ადგილის დაკავება;

• ეკონომიკის ინფორმაციული სექტორის დაჩქარებული ტემპით განვითარება.

განვითარებული ქვეყნების კომპანიებში სულ უფრო მეტად იზრდება დანახარჯები კვლევებზე. 2011 წლისათვის ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:

კომპანიის დასახელება

დანახარჯები

მლრდდოლ.

1

Roch Holding

9.6

2

Microsoft

9.0

3

Nokia

8.6

4

Toyota

7.8

5

Pfizer

7.7

 

ეროვნული საინოვაციო სისტემის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის საინსტიტუციო გარემო, ანუ საკანონმდებლო აქტების, ნორმების, წესების, უწყებრივი ინსტრუქციების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებს საინოვაციო საქმიანობას. ქვეყნების ეროვნული საინოვაციო სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა არსებობს საერთო ნიშნები, რომლებიც დამახასიათებელია ნებისმიერი სისტემის ფუნქციონირებისათვის:

1. კრეატიული ბლოკი, ანუ ცოდნის წარმოშობის ბლოკი (უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტები, ცალკეული სპეციალისტები - კერძო პირები, სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებების არაფორმალურად ურთიერთდაკავშირებული კოლეგების ქსელი);

2. ტექნოლოგიების ტრანსფერის ბლოკი. კრეატიული აზროვნების შედეგად წარმოშობილი ახალი იდეა, როგორც წესი, შეუძლებელია განხორციელდეს მაშინვე და უშუალოდ ავტორის მიერ. საჭიროა შუამავალი, რომელიც, ერთი მხრივ, განმარტავს იდეის პერსპექტიულობას და განხორციელების შესაძლებლობას და, მეორე მხრივ, მყიდველს ჩაუნერგავს რწმენას პროდუქტის  შეძენის მიზანშეწონილობაზე. ავტორსა და მყიდველს შორის შუამავლის როლს ასრულებს არაკომერციული ფონდები, რომლებიც მუშაობს იმავე პრინციპით, როგორც სამეცნიერო კვლევებზე გრანტების გამცემი ფონდები. ფაქტობრივად, ამ ტიპის არაკომერციული ფონდები ქმნიან ქსელს, უზრუნველყოფენ ავტორის კონტაქტს სხვადასხვა ობიექტებთან, ვისთვისაც კრეატიული იდეა შეიძლება წარმოადგენდეს ინტერესის საგანს;

3. წარმოების დაფინანსება. ვიდრე კომერციულ პროდუქტად იქცევა, იდეამ უნდა გაიაროს ტრანსფორმაციის ეტაპები, მათ შორის: მუშანახაზის შექმნა, მაკეტის გაკეთება, საცდელი ნიმუშის დამზადება. ამ ეტაპებზე საჭიროა, მოიძებნოს დაფინანსების წყარო. გამოყოფენ დაფინანსების რამდენიმე ტიპს:

ა). იდეის ავტორი ან მისი მხარდამჭერი ორგანიზაცია ქმნიან კომპანიას ახალი პროდუქტის შესაქმნელად და იღებენ ბანკის კრედიტს, რომელიც უნდა დააბრუნონ დათქმული დროის შემდეგ. დაფინანსების ეს მეთოდი საკმარისად სახიფათოა ახალი წარმოების ინიციატორებისათვის. იმის გამო, რომ ახალი პროდუქტის წარმოება შეიცავს დიდ რისკს, ბანკები თხოულობენ მაღალ საბანკო პროცენტს, რაც საინოვაციო საქმიანობას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

ბ). ერთ-ერთი ვარიანტია ინოვაციის გაყიდვა, მაგალითად, მსგავსი პროდუქციის მწარმოებელ მსხვილ ფირმაზე, ასეთ შემთხვევაში მკვლევარი კარგავს ავტონომიის გარკვეულ ხარისხს.

 გ). ვენჩურული დაფინანსება. ვენჩურული კომპანია, გულდასმით შეისწავლის რა ინოვატორის მიერ შეთავაზებულ ბიზნესგეგმას, ქმნის საწარმოს, რომლის ხელმძღვანელად ინიშნება ინოვატორი, ხოლო საწარმოს მუშაობაზე კონტროლს ახდენს ვენჩურული კომპანია. ამავდროულად, კომპანია თვალყურს ადევნებს ბიზნესგეგმის დროულად და ხარისხიანად შესრულებას და თუ ჩათვლის, რომ ის არ სრულდება ან წარმოიშობა შემდგომი წარმატებული მენეჯმენტის ეჭვი, კომპანიას უფლება აქვს, გაყიდოს საწარმო.

ვენჩურული დაფინანსების გამოყენებისას ინოვატორი იღებს ზემოგების მნიშვნელოვან ნაწილს და შეუძლია დატოვოს საწარმო თავის შეხედულებისამებრ. თავისი მიმზიდველობის მიუხედავად, ვენჩურული დაფინანსება არ წარმოადგენს უნივერსალურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტის შექმნის სრულ დაფინანსებას. ამჟამად მიღებულია ინოვაციური პროდუქტის შექმნის საწყის სტადიაზე საკუთრივ ორგანიზაციის სახსრებით ან გრანტების მოზიდვით დაფინანსება, ხოლო ვენჩურული კაპიტალის გამოყენება საბოლოო ეტაპზე, საცდელი ნიმუშის შესაქმნელად და მის შემდეგ. ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად ვენჩურული კაპიტალის გამოყენება წლითიწლობით იზრდება.

1995-2000 წლებში ვენჩურული კაპიტალი გაიზარდა აშშ-ში $4,6-დან $103,2 მლრდ-მდე, ინგლისში – $19 მლნ-დან $2,9 მლრდ-მდე, იაპონიაში – $21 მლნ-დან $1,7 მლრდ-მდე, გერმანიაში – $13 მლნ-დან $1,2 მლრდ-მდე, საფრანგეთში – $8 მლნ-დან $1,1 მლრდ-მდე, შვეციაში – ნულიდან $560 მლნ-მდე, ფინეთში – ნულიდან $270 მლნ-მდე[5].

4. ინოვაციის წარმოება. აქ განიხილება ორი ალტერნატივა.

პირველი - როდესაც ინოვაციური პროდუქტის წარმოება ინტეგრირდება უკვე არსებულ საწარმოსთან, რითაც მცირდება დამოუკიდებელი მენეჯერული კომპლექსის ორგანიზების დანახარჯები (ბუღალტერიის, კადრების აღრიცხვის და ა.შ.).

მეორე - როდესაც ინოვაციური პროდუქტის საწარმოებლად იქმნება დამოუკიდებელი ახალი საწარმო, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი დანახარჯები მისი მცირე სიდიდის გამო.

5. კადრების კვლავწარმოება. სამეცნიერო და ტექნიკური, ზოგადად, ინოვაციური კადრების მომზადება არ უნდა ხდებოდეს უსისტემოდ. ცოდნისა და კომპეტენციის სრულყოფას თან უნდა ახლდეს კადრების გონივრული და ფრთხილი შერჩევა, რადგან ექსტრაორდინალური ნიჭის გამომჟღავნება რთული და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. სამეცნიერო ელიტის მომზადება უნივერსიტეტებისა და სპეციალიზებული სასწავლებლების გარდა უნდა ხდებოდეს ეროვნულ საინჟინრო დაწესებულებებში.

ინოვაციური საქმიანობა – ეს არის მეცნიერებისა და წარმოების სფეროს დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას. მსოფლიო ეკონომიკის განვითარება ცხადყოფს, რომ 150 ქვეყნიდან, რომლებიც ინოვაციური განვითარების გზაზე დგანან, მხოლოდ 10-15 ქვეყანას შესაძლოა დაერქვას მაღალგანვითარებული. მხოლოდ 7-8 ქვეყანა შეიძლება მივაკუთვნოთ მაღალტექნოლოგიურ ქვეყანათა რიგს, რადგანაც ისინი ინარჩუნებენ პირველობას მაკროტექნოლოგიების წარმოებით. მათ წილად მოდის მსოფლიოში მეცნიერებატევადი პროდუქციის ბრუნვის 92% (აშშ-39%, იაპონია-30%, გერმანია-16%, ჩინეთი-6%). ექსპერტთა აზრით, 2010 წელს მეცნიერებატევადი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 3,5 ტრლნ დოლარს. აქედან 1,2 ტრლნ დოლარი მოდის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე[6]. ინოვაციური სტრატეგია წარმატებული ქვეყნების გამოცდილებისა და ცალკეული ქვეყნის ეროვნული თავისებურებით უნდა განხორციელდეს. უპირველესი მნიშვნელობა უპირატესად კერძო სექტორის ძალისხმევასა და სახელმწიფო მხარდაჭერაზე აგებული ინოვაციური სტრატეგიის სინთეზური გამოცდილების გამოყენებას ენიჭება. პირველის მაგალითია ,,სილიკონის ხეობა” აშშ-ში, რომელიც უახლოესი ინოვაციებით ამარაგებს მთელ მსოფლიოს. სწორედ აქ მოქმედი ინოვაციური ფირმების ფილიალები, ერთობლივი ფირმები ინდოეთში, ჩინეთში, აზიის სხვა ქვეყნებში ასტიმულირებს მათ დაჩქარებულ განვითარებას. მეორის მაგალითია ფინეთი, რომელიც ინოვაციური საქმიანობის ეფექტიანი სახელმწიფო მხარდაჭერის გზით წავიდა და ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალგანვითარებულ ქვეყანად გადაიქცა[7].

თანამედროვე პირობებში, როდესაც სულ უფრო მწვავდება საყოველთაო კონკურენციული ბრძოლა გასაღების ბაზრების მოსაპოვებლად, ძალიან სწრაფი ტემპებით იფიტება ბუნებრივი რესურსები, მეტად უპერსპექტივო ხდება ეკონომიკური ზრდის “სანედლეულო სექტორზე” ორიენტაცია, რასაც ადგილი აქვს თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. სამეცნიერო ეკონომიკურ ლიტერატურაში დიდი ხანია ფეხი მოიკიდა ტერმინმა “ინტელექტუალური კაპიტალი”. ხშირად ვხვდებით მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დღეს ეკონომიკური ზრდა იგივეა, რაც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა დანერგვა და წარმოების ფაქტორების ინტელექტუალიზაცია. სხვადასხვა მონაცემებით, უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში მეცნიერებატევადი და მაღალტექნოლოგიური საქონლის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით 10-ჯერ გადააჭარბებს “სანედლეულო სექტორის” პროდუქციის საერთო ღირებულებას. ყოველივე ეს მიუთითებს ეკონომიკის სწორედ სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური სექტორის პრიორიტეტული, წინმსწრები განვითარების აუცილებლობაზე. მეცნიერების განვითარება ეკონომიკური განვითარების საფუძველთა საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი - ეს არის ინოვაციათა განვითარების პროცესი[8].

ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს  პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისი ერთ-ერთი პირველი სერიოზული მოხსენება სწორედ ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომაზე წარმოადგინა (2009 წლის 27 აპრილი) და ასე დაასათაურა: “მეცნიერება გვჭირდება, როგორც არასდროს”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ეკონომიკური განვითარების ტემპების შენელება მხოლოდ მეცნიერების და განათლების განვითარების ტემპების შენელებამ გამოიწვია. მისი აზრით, სამეცნიერო ინოვაციები იძლევა განვითარების და ზრდის შანსს და ეს შანსი არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ მთელმა მსოფლიომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, ვიდრე გვიან არ არის. დღეს მეცნიერება ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, საჭიროა ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი უშიშროების, ჩვენი ჯანმრთელობის და ჩვენი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისათვის[9].

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ირჩევენ ეკონომიკის განვითარების ინოვაციურ მოდელს (გზას), ეფექტურად იყენებენ სახელმწიფო ინოვაციურ პოლიტიკას. სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ნაწილს, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ინოვაციური საქმიანობისადმი. სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ინოვაციური პროცესების აქტივიზაციაზე ეკონომიკის ყველა სფეროში; საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე; ხელსაყრელი პირობების შექმნაზე სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და ინოვაციური საქმიანობის სტიმულირების საბაზრო მექანიზმების ეფექტური გამოყენებისათვის; ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე; სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალის შესაბამისი უნარების შესწავლასა და ეფექტურ გამოყენებაზე და ა.შ.

ეროვნული საინოვაციო სისტემის (ესს) კონცეფციის ფუძემდებლის კრისტოფერ ფრიმანის განმარტებით, ესს არის “სახელმწიფო და კერძო სექტორებში მოქმედი ინსტიტუტების ქსელი, რომლებიც ახდენენ ახალი ტექნოლოგიების ინიცირებას, იმპორტს, მოდიფიცირებას და გავრცელებას”[10]. სხვანაირად რომ ვთქვათ, ესს არის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციათა ერთობლიობა, რომლებიც აწარმოებენ სამეცნიერო კვლევებსა და სამუშაოებს, ინოვაციური პროდუქციის შექმნასა და რეალიზაციას, აგრეთვე საინოვაციო საქმიანობის მართვასა და დაფინანსებას (უნივერსიტეტები და აკადემიები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საინოვაციო-ტექნოლოგიური ცენტრები, ტექნოლოგიური ინკუბატორები, ტექნოპარკები, სასწავლო-საქმიანი ცენტრები და სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციები, მსხვილი და მცირე ზომის კომპანიები და სხვ.).

პრაქტიკა ნათელყოფს, რომ ინოვაციური სფეროს განვითარება (მეცნიერება, ტექნოლოგიები, მეცნიერებატევადი დარგები) ქმნის ეკონომიკის განვითარების მყარ საფუძველს, განსაზღვრავს საზღვრებს ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის. ამიტომ ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირება მსოფლიო ეკონომიკის ხანგრძლივი განვითარებისათვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ქვეყანა ინოვაციური განვითარების გზას დაადგეს, მას მოუწევს ინოვაციური საქმიანობის გააქტიურება და შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის შექმნა. აუცილებელია ეროვნული მეურნეობის რეორგანიზება მეცნიერებატევადი წარმოების საფუძველზე, ამის შედეგად კი ქვეყანა შესძლებს თავისი პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო ბაზარზე.

მეცნიერებატევადი პროდუქციის წილი მსოფლიო ბაზარზე ცალკეული ქვეყნების მიხედვით შემდეგია: რუსეთი-0.3%, აშშ-36%, იაპონია-30%, ჩინეთი-6%[11]. ინოვაციური საქმიანობისათვის პრიორიტეტულია ეროვნული ინოვაციური სისიტემის ფორმირება, რომელიც მოიცავს იმ ინსტიტუტთა ერთობლიობას, რომლებიც ახდენენ ახალი საწარმოო საშუალებებისა და ახალი ცოდნის ტრანსფორმაციას ახალ კონკურენტუნარიან საქონელსა და მომსახურებაში. ამ სისტემის მიზანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა წარმოების ორიენტაციის შეცვლის გზით. ნაცვლად ნედლეულის მოპოვებისა, გამოყენებისა და გადამუშავებისა, ცოდნით ცოდნის წარმოება და ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა.

მესამე ათასწლეულის დასაწყისში ადამიანური და ტექნოლოგიური პროგრესი გახდა ეკონომიკის განვითარების მთავარი ფაქტორი. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ წარმატებულია ის ქვეყნები, რომლებმაც კაპიტალის ინვესტირება მოახდინეს ადამიანში - ახალ ცოდნაში, განათლებაში, ახალ ტექნოლოგიასა და მოწყობილობებში, ორგანიზაციასა და მართვაში. განვითარებული ქვეყნების ინოვაციური პოლიტიკის დონის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, თუ მრეწველობის დარგების ოთხი დონიდან რომელს ანიჭებენ ისინი პრიორიტეტს.

 ეს დონეებია:

• ნედლეულის მოპოვება და პირველადი გადამუშავება;

• ტრადიციული, მძიმე მრეწველობა;

• მაღალტექნოლოგიური მრეწველობის დარგები;

• მეცნიერებატევადი წარმოება.

გლობალურ კონკურენციაში იმარჯვებენ ის ქვეყნები, რომლებიც სათანადო პირობებს ქმნიან ადამიანის განვითარებისათვის, მეცნიერული კვლევებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებისათვის.  ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისათვის მნიშვნელოვანია ინოვაციური სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც წარმატებული ქვეყნების გამოცდილებისა და ცალკეული ქვეყნის ეროვნული თავისებურებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ინოვაციური საქმიანობისათვის პრიორიტეტულია ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირება. კომპანიები ვერ მოიპოვებენ წარმატებას გამძაფრებული კონკურენციული ბრძოლის პირობებში, თუკი დროულად არ შეიტანენ ინოვაციებს თავიანთ ტექნოლოგიურ პროცესში, არ მოახდენენ კომუნიკაციისა და მენეჯმენტის ოპტიმიზებას, კონკურენტებზე ადრე არ მოიპოვებენ ახალ გამოგონებებს. ინოვაციური საქმიანობა ხელს უწყობს მეცნიერებისა და წარმოების ინტეგრაციას, გვევლინება რა მათ დამაკავშირებელ რგოლად. გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ცალკეული ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა, პირველ რიგში, ტექნოლოგიური განვითარების დონით განისაზღვრება, მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება ვენჩურული ბიზნესის განვითარების საფუძველზე. სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინდუსტრიის ერთიანი სტრატეგიით უნდა მოხდეს ვენჩურული ფონდებისა და ინსტიტუტების შექმნა; ხელი უნდა შეეწყოს ინდუსტრიული, საწარმოო და ტექნო პარკებისა და ზონების, კლასტერების ჩამოყალიბება-განვითარებას, რომელთა რეალური ამოქმედება უზრუნველყოფს ინოვაციური ეკონომიკის გაფართოებასა და გლობალურ სივრცეში ცალკეულ სახელმწიფოთა კონკურენტუნარიანობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას. 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინოვაციური სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები, პირველ რიგში, უნდა გამოყოს სახელმწიფომ, ასევე სარისკო ორგანიზაციებმა, საპენსიო ფონდებმა, ცალკეულმა პიროვნებებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და სხვამ. მიზანშეწონილია ვენჩურული (სარისკო) ფირმების შექმნა. ამასთან, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამები უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან და სპეციალური ფონდებიდან. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა შექმნას სათანადო სამართლებრივი ბაზა სარისკო ფირმების ფორმირება-განვითარებისათვის. მაშასადამე, აუცილებელია სახელმწიფომ ინოვაციური სფეროს განვითარებისათვის შექმნას ხელსაყრელი გარემო: საგადასახადო, საკრედიტო, საპატენტო, საბირჟო, სალიცენზიო, ექსპორტის, იმპორტის და სხვა სფეროებში. თანამედროვე პირობებში მტპ-ის მიღწევათა გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგია და ჩამოყალიბდეს მეცნიერული გამოკვლევებისა და დამუშავებების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები. საქართველოს სახელმწიფოებრივი სასიცოცხლო მნიშვნელობის ძირითადი პრობლემები (ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, სახელმწიფო უსაფრთხოება, ტრანსპორტის, კომუნიკაციური სისტემის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ინფორმაციული სისტემის განვითარება და სხვა) უნდა გადაიჭრას მტპ-ის მიღწევათა გამოყენებით, რის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს გამოკვლევების პრიორიტეტული მიმართულებები (ე.ი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ინოვაციურ საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს).

საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის მისაღწევად ფართოდ უნდა დაინერგოს ახალი და უახლესი ტიპის ტექნიკა-ტექნოლოგიები. ეს კი მოითხოვს საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნას, ბირჟების, ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, სპეციალიზებული მიზნობრივი ფონდების, სარისკო-ინოვაციური ფირმების, ლიზინგური, მარკეტინული, აუდიტორული, ინჟინირინგული და სხვა სახეობის ფირმათა ჩამოყალიბებას. აუცილებელია, სახელმწიფომ, საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისას, ორიენტაცია აიღოს ინოვაციური პროცესების დაჩქარებაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ამასთან, მეცნიერებასა და წარმოებას შორის ურთიერთობა უნდა აიგოს ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების შერწყმის საფუძველზე. სახელმწიფო რეგულირება ძირითადად ირიბი მეთოდებით (საგადასახადო, საბაჟო, საკრედიტო ინვესტიციები, შეღავათები და სტიმულები და სხვა) უნდა ხორციელდებოდეს. კომუნიკაციური სისტემების მეშვეობით ხდება სიახლეთა გავრცელება, ფირმებთან, შუამავლებთან, მყიდველებთან, საზოგადოების ფართო მასებთან ურთიერთობის დამყარება (რეკლამის, საკუთრივ გაყიდვის, გასაღების სტიმულირებით და სხვა). ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ აზრს, რომლის ჩამოყალიბება შესაძლებელია სემინარების ჩატარებით, სპეციალურად გამოცემული ლიტერატურით, საჯარო ჩვენებებით, გამოფენა-გაყიდვებით, საქველმოქმედო პროგრამების მეშვეობით და სხვა. ამრიგად, სიახლეთა გავრცელება უნდა ხორციელდებოდეს როგორც კომუნიკაციური, ასევე მასტიმულირებელი (პრემირება, გარანტიების მიცემა ფულის უკან დაბრუნებაზე, უფასო ნიმუშების წარდგენა, საქონლური კრედიტი და სხვა) ღონისძიებებით. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. http://www.dist-cons.ru/modules/innova/section1.html

2. Олег Киреев. Инновационная Экономика. http:// www.njp.ru/rgnoogen:innovation pg2.

3. Олег Киреев. Инновационная Экономика. http:// www.njp.ru/rgnoogen:innovation pg7.

4. http: //www. montteki. ru/.

5. http://www.mgimo.ru/files/34545/doklad_politolog_1.doc

6. А. В. Барышева, К. В. Балдин, С. Н. Галдицкая, М. М. Ищенко, И. И. Передеряев. Инновации. Москва, 2006.pg46.

7. რ. აბესაძე, რ. სარჩიმელია, ნ. არევაძე, მ. მელაშვილი. ეკონომიკური განვითარებისა და პროგნოზირების პრობლემები, თბილისი, “უნივერსალი”, 2004. გვ22.       

8. Remarks by the president at the National Academy of Sciences Annual Weeting The white Heuse Office of the Prek Secretary April 27, 2009.

9. National Innovation Systems. Paris: OECD Publications, 1997, p. 10

10. Н. Л. Маренков. Инноватика. Москва, 2008. pg194.



[1] http://www.dist-cons.ru/modules/innova/section1.html

[2] Олег Киреев. Инновационная Экономика. http:// www.njp.ru/rgnoogen:innovation pg2.

[3] Олег Киреев. Инновационная Экономика. http:// www.njp.ru/rgnoogen:innovation pg7.

[4] http: //www. montteki. ru/.  pg1.

[5] http://www.mgimo.ru/files/34545/doklad_politolog_1.doc

[6] А. В. Барышева, К. В. Балдин, С. Н. Галдицкая, М. М. Ищенко, И. И. Передеряев. Инновации. Москва, 2006 . pg 46.

[7] А. В. Барышева, К. В. Балдин, С. Н. Галдицкая, М. М. Ищенко, И. И. Передеряев. Инновации. Москва, 2006.pg46.

[8] რ. აბესაძე, რ. სარჩიმელია, ნ. არევაძე, მ. მელაშვილი. ეკონომიკური განვითარებისა და პროგნოზირების პრობლემები, თბილისი, “უნივერსალი”, 2004. გვ22.

[9] Remarks by the president at the National Academy of Sciences Annual Weeting The white Heuse Office of the Prek Secretary April 27, 2009.

[10] National Innovation Systems. Paris: OECD Publications, 1997, p. 10.

[11] Н. Л. Маренков. Инноватика. Москва, 2008. pg.,-194.